„დინამო თბილისმა“ ახალი მეკარე დაიმატა - „გაგრამ“ კერესელიძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ახალი მეკარე დაიმატა - „გაგრამ“ კერესელიძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

გაგა კირკიტაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მეკარე, დავით კერესელიძე „დინამო თბილისში“ გადავიდა. ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული „გაგრას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილია და გუნდს ახალი მეკარის მოძებნა დასჭირდება.

„ჩვენ ახალი წლიდან ეროვნული ლიგისთვის ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნებას შევეცდებით. მაგრამ ერთი დანაკლისი უკვე გვაქვს – მთავარი მეკარე დათო კერესელიძე „დინამო თბილისში“ გადავიდა და ამ პოზიციაზე ახალი კანდიდატურის მოძებნა დაგვჭირდება. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, – განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა მეკარის წვლილზე ისაუბრა:

„ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და როგორც ეროვნულ ლიგაში გადასვლაში, ასევე შარშან, საქართველოს თასის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა. „დინამოში“ წარმატებებს ვუსურვებ“.

დავით კერესელიძე 22 წლისაა. ტანმაღალმა მეკარემ (191 სმ) კარიერა ეროვნულ ლიგაში 17 წლის ასაკში 2017 წელს „ცხინვალში“ დაიწყო, სადაც ორი სეზონი ითამაშა. 2019 წლიდან „გაგრაში“ გადავიდა ეროვნულ ლიგა 2-ში 53 მატჩი ჩაატარა, 4 – პლეი ოფებში, საქართველოს თასზე 10 მატჩში მონაწილეობდა, წელს „გაგრას“ კარს სუპერთასის შეხვედრაშიც იცავდა, ხოლო კონფერენს ლიგაზე „სუტიესკასთან“ ორივე დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

ამავე დროს, „გაგარს“ მეკარე იყო საქართველოს 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა კერესელიძე ლიგა 2-ის ბოლო წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.