„დინამო თბილისისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი გადაიდო - მიზეზი კოვიდინფიცირებულთან მატჩის მონაწილის შესაძლო კონტაქტია
„დინამო თბილისისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი გადაიდო - მიზეზი კოვიდინფიცირებულთან მატჩის მონაწილის შესაძლო კონტაქტია

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის „ლოკომოტივის“ ვებგვერდზე სოციალურ ქსელში საგანგებო შეტყობინება გამოქვეყნდა – „დღევანდელი თამაში გადაიდო“.

დღეს, 20:30 საათზე ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „დინამო თბილისს“ „ლოკომოტივისთვის“ უნდა ემასპინძლა. ტრადიციული მეტოქეები ერთმანეთს 57-ედ უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ, ამჯერად მატჩი „დინამო არენაზე“ არ შედგა.

ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ მატჩი „კოვიდსაფრთხის“ გამო გადაიდო.

„18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება“, – წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კონკრეტულ მიზეზზე განმარტება ჯერ არცერთ გუნდს არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ჰქონდა, რაც თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე გახდა ცნობილი.