„დინამო თბილისის“ პრეზიდენტი - კორონავირუსს უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტი - კორონავირუსს უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს

რომან ფიფიამ საგანგებო წერილი გაავრცელა – „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის აზრით, კორონავირუსის შედეგები ფეხბურთზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ პრობლემას კაცობრიობა მალე დაძლევს.

„მინდა მივმართო „დინამო თბილისის“ თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც „დინამო თბილისის“ დიდი ოჯახის წევრია –
იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას“. – აცხადებს რომან ფიფია.

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა ზოგადად ვითარების სირთულეზეც ილაპარაკა: „უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის. ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და გარკვეული დრო დასჭირდება“.

მძიმე ვითარების მიუხედავად, რომან ფიფია იმედს არ კარგავს: „დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!“.