„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი „უოტფორდში“ მიიწვიეს
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი „უოტფორდში“ მიიწვიეს

„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი, სავარაუდოდ, კარიერას ინგლისში გააგრძელებს და სწორედ ამის გამო დატოვა გუნდი, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან სანდო წყარომ დაადასტურა.

ჩვენი ცნობით, ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბში, „უოტფორდში“ მიიწვიეს, რომელიც მიმდინარე სეზონის გამართული 19 ტურის შემდეგ, 34 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერებს, „ნოვიჩს“ (40 ქულა) და „ბორნმუთს“ (37 ქულა) დიდი სხვაობით არ ჩამორჩება. სავარაუდოდ, ჩისკო მუნიოსი სერბ სპეციალისტს, ვლადიმირ ივიჩს შეცვლის, რომელიც გუნდს 2020 წლიდან ავარჯიშებდა.

პრობლემა ისაა, რომ ჩისკოს ჯერ კიდევ არ აქვს უეფა-ს პროფლიცენზია, რაც მთავარ მწვრთნელად მუშოაბის საშუალებას არ მისცემს. ამიტომ, როგორც „დინამო თბილისში“ საქმიანობის პირველ წელს, ის „უოტფორდის“ სამწვრთნელო შტაბშიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გაფორმდება.

ეს ამბავი თუ დადასტურდა, „დინამოსთვისაც“ კარგი სახელია, რომ მისი მწვრთნელი ინგლისის საკმაოდ ცნობილ კლუბში მიიწვიეს. სხვათა შორის, „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი ალექს გარსია საქართველოს შემდეგ „ბარსელონაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

ჩისკო მუნიოსი 40 წლისაა. თბილისის „დინამოს“ ღირსებას 2011–2014 წლებში იცავდა, რომლის რიგებში მოიგო ჩემპიონის ორი ტიტული, ასევე 2-ჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. ბოლო მატჩი დინამოში ჩაატარა 2014 წლის 11 დეკემბერს, სადაც „დინამომ“ მისი გოლის წყალობით შეძლო „ჩიხურას“ დამარცხება და საქართველოს სუპერთასის მოპოვება. 2019 წლიდან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მერე გუნდი დატოვა, წელს შემოდგომაზე კვლავ ჩაიბარა და „დინამო“ ისევ ჩემპიონობამდე აღაზევა.

ჩისკომ „ვალენსიას“ „ბ გუნდში“ წარმატებით თამაშის შემდეგ იჯარით „რეკრეატივოში“ ერთი სეზონი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა. 2001-02 წლების სეზონში „ტენერიფეშიგაანათხოვრეს, სადაც მან 28 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გაიტანა შეძლო. „ვალენსიაში“ 2003 წლის ზაფხულში დაბრუნდა და 2003–04 წლების სეზონში „ვალენსიასთან“ ერთად პრიმერა დივიზიონის ტიტული მოიგო. მან იმავე წელს რვა თამაში ჩაატარა უეფა-ს თასზე (6 სასტარტო შემადგენლობაში, გოლი არ გაუტანია), სადაც მისმა გუნდმა ფინალში ფრანგული „მარსელის“ დამარცხებით უეფა-ს თასი მოიპოვა.

2005 წელს ჩისკო გადავიდა „ბეტისში“, 2009 წლის აგვისტოში „ლევანტეს“ შეუერთდა და გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონში აღზევდა. 2011 წელს კი „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა, რომლის ფორმითაც 2-ჯერ გახდა ეროვნული ლიგის ბომბარდირი (2012-13, 2013-14) წლის მოთამაშე), ერთხელ კი წლის ფეხბურთელი (2013–14).

2014 წლის დეკემბერში ჩისკო სამშობლოში დაბრუნდა და მესამე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ხიმნასტიკთან“ 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა და კარიერაც დაასრულა. ამავე გუნდში იყო მწვრთნელის ასისტენტი, მერე იმავე როლში „პობლა მაფუმეტში“ იმუშავა, 2019 წლიდან კი „დინამოში“ მწვრთნელად დაბრუნდა, დეკემბერში გუნდი დატოვა, მაგრამ 2020 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა.