„დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი - პერალესს უახლოეს პერიოდში ველოდებით
„დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი - პერალესს უახლოეს პერიოდში ველოდებით

„დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ლევან მჭედლიძის წასვლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა.

„გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებები ბუნებრივია. ასე მოხდა მჭედლიძის შემთხვევაში – მას კონტრაქტი რამდენიმე თვეში უმთავრდებოდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ კონტრაქტი გაგვეწყვიტა – ეს ორივე მხარისთვის მისაღები იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და მას გაწეული სამსახურისთვის მადლობას ვუხდი. ამავე დროს, გუნდი კვამე კარიკარიმაც დატოვა – მას ხელშეკრულება დაუსრულდა და თანმამშრომლობა აღარ გავახანგრძლივეთ. სამაგიეროდ, დავიმატეთ გიორგი გაბედავა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თავდამსხმელია“ – ამბობს „დინამოს“ გენერალური დირექტორის ზაზა დოლიძე.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის „დინამო“ უახლოეს პერიოდში ელის ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის, ესპანელი ხოსე პარალესის ჩამოსვლას, რომელიც სამშობლოში პანდემიის დროს დარჩა.

„ამჟამად ყველა ფეხბურთელი გუნდთან ერთად ემზადება. გამონაკლისი მხოლოდ ესპანელი მეკარე ხოსე პერალესია. როგორც კი საშუალება იქნება და რეისი დაინიშნება, მას ესპანეთიდან ჩამოვიყვანთ. გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება და საბედნიეროდ ტრავმირებულებიც არ გვყავს“ – აცხაებს „დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი.

ზაზა დოლიძის თქმით, „დინამო“ საკუთარი აკადემიის გაზრდილებს უფრო ხშირად დააწინაურებს: „ძალიან მიხარია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილები ნელ-ნელა მთავარ გუნდში ადგილს იმკვიდრებენ – ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და მთავარ გუნდში ჩვენი აკადემიის კიდევ უფრო მეტი გაზრდილი გამოჩნდება. მე ის ფაქტი მაიმედებს, რომ ასაკობრივი ნაკრებების უმრავლესობა ჩვენი აკადემიის წევრებისგანაა დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანი და მისიაც ისაა, რომ მათ დაწინაურების შანსი მივცეთ“.