„დინამო თბილისის“ ფეხბურთელის გადაბირება აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებს სურს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელის გადაბირება აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებს სურს #1TVSPORT

გამოცემა Azerisport-მა ინტერვიუ ჩამოართვა „დინამო თბილისის“ აზერბაიჯანული წარმოშობის ფორვარდს, იუსუფ მეჰდიევს, რომელმაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში პორტუგალიის ტურნირზე დანიის, მაროკოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა. ინტერვიუდან გაირკვა, რომ მისი გადაბირება აზერბაიჯანის 19-წლამდელების ნაკრებს სურს.

„ვითამაშე პორტუგალიისა და მაროკოს გუნდების წინააღმდეგ. მადლობა მწვრთნელებს შანსისთვის. მაროკოსთან მატჩში გოლიც გავიტანე. მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ადრე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც ვთამაშობდი და 18-წლამდელთა ნაკრებშიც თითქმის ყველას ახლოს ვიცნობ. ადაპტაციის პრობლემა არ ყოფილა, რადგან მეგობრული გუნდი გვყავს.

მოვახერხებ თუ არა 2-3 წელში საქართველოს ნაკრებში თამაშს, ჩემზეა დამოკიდებული. თუ შემიძლია საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა, მაშინ რატომაც არა?

როგორ გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და იყო თუ არა ეს ეფექტური სისტემის შედეგი? გუნდს ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. გარდა ამისა, გუნდში ძალიან თავდაჯერებულები არიან. ისინი გამარჯვებისთვის იბრძვიან. რაც შეეხება სისტემას, ვიტყვი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ფეხბურთელები ხელმძღვანელობენ, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი უპირატესობაა და ეს თავს შედეგებში იჩენს.

ეროვნული გუნდიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ლევან შენგელიასთან მაქვს. ერთხელ ბელგიურ გუნდში სტაჟირებაზე ვიყავი, შენგელია კი ამ დროს ბელგიაში თამაშობდა. სამი დღე მის სახლში გავატარე. ძალიან კარგი ადამიანია.

მქონდა მიწვევა აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შევუერთდი. ახლა კი საქართველოს ნაკრებში მათამაშეს. პორტუგალიაში საწვრთნელ შეკრებაზე ვცდილობდი, მეჩვენებინა ყველაფერი, რაც შემეძლო. ვითამაშებ თუ არა აზერბაიჯანის ნაკრებში, ამას დრო აჩვენებს.

სად ვისურვებდი საკლუბო კარიერის გაგრძელებას? ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ტოპ 5 ლიგაში ითამაშოს და მეც ეს მსურს. ყველანაირად ვცდილობ, რომ ამ დონეზე ავიდე“, – ამბობს „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი.