„დინამო თბილისის“ დირექტორი - ჩისკოს ინგლისში წასვლა ისე სურდა, უარი ვერ ვუთხარით
„დინამო თბილისის“ დირექტორი - ჩისკოს ინგლისში წასვლა ისე სურდა, უარი ვერ ვუთხარით

დინამო-არენაზე“ ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემაძის წარდგენისას „დინამო თბილისის“ დირექტორმა, ზაზა დოლიძემ ყოფილი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის შესახებ ილაპარაკა.

„უკვე ცნობილია, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ინგლისში წავიდა და „უოტფორდი“ ჩაიბარა, რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგაში გამოდიოდა, წელს კი დასაბრუნებლად იბრძვის. ჩვენ მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი გვაკავშირებდა და გაშვება არ გვსურდა. მაგრამ თავად მოგვმართა თხოვნით. ვხვდებით, ეს რამხელა შანსია და ვფიქრობ, ბრიტანეთში წასვლა მის იმიჯზეც იმოქმედებს და ჩვენს სახელზეც“, – განაცხადა დოლიძემ.

„დინამო“ ყველა მწვრთნელს და მოთამაშეს გაუშვებს, ვინც ჩისკოს მსგავსად წასვლაზე თხოვნით მიმართავს? „დინამო თბილისის“ დირექტორმა კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა.

„როდესაც მწვრთნელს უკეთეს ლიგაში იწვევენ, მისი შენარჩუნება უფრო მდიდარ ევროპულ ლიგაშიც უჭირთ. ჩისკოს კი ინგლისში მუშაობის ისეთი დიდი სურვილი ჰქონდა, უარი არ გამოდიოდა. ფეხბურთელიც საქართველოში თავის შესაძლებლობას თუ ამოწურავს, აჯობებს, რომ წავიდეს. ლოჩოშვილი ავსტრიაში წავიდა და ხომ ნახეთ, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან, „ზალცბურგთან“ მოგებული შეხვედრა ღირსეულად ჩაატარა“, – ამბობს დოლიძე.

მისი თქმით, ჩისკოს წასვლაში „დინამო“ კომპენსაციას მიიღებს:

ჩისკოს წასვლით „დინამო“ არ იზარალებს. არ მინდა კონკრეტული ციფრის დასახელება, მაგრამ „დინამო“ კომპენსაციას მიიღებს“.