„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ყაზახეთის „ასტანას“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს.

პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში 1:1 დასრულდა და საქართველოს ჩემპიონს მინიმალური ანგარიშით მოგებაც ხელს აძლევდა. „დინამომ“ თამაში აქტიურად დაიწყო და რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელა, მაგრამ ყაზახების დაცვა საიმედოდ თამაშობდა.

22-ე წუთზე თბილისელებმა სტუმართა დაცვაში ბზარი მაინც მონახეს: ულად-ომარ იმრანმა შესანიშნავი გადაცემით „ასტანას“ მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა.

ყაზახებმა ტაიმის ბოლოს შეუტიეს, ბოლო წამზე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ მაკს ებონგის დარტყმის შემდეგ „დინამო“ აშკარა გოლს გადაურჩა და ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი „დინამოსთვის“ ცუდად დაიწყო. 50-ე წუთზე აბზალ ბეისებეკოვმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში დემბო დარბოა თბილისელთა საჯარიმოში ისე შევარდა, ხელი ვერავინ შეუშალა და „ასტანა“ დააწინაურა.

ამის შემდეგ დავით სხირტლაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ალექსანდრ მაროჩკინს – ყაზახების უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა შესანიშნავად ითამაშეს.

61-ე წუთზე სხირტლაძეს მცველის შეცდომის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ „ასტანას“ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

„დინამოს“ უპირატესობას აშკარა იყო. 79-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი გაბრიელ სიგუას ჰქონდა, რომელმაც ახლოდან ვერ გაიტანა. რამდენიმე წუთში კუთხურის გათამაშების შემდეგ ჯიმი ტაბიძემ ხარიხა შეაზანზარა.

მატჩის დარჩენილი დრო „დინამოს“ შეტევებით წარიმართა, თუმცა საქართველოს ჩემპიონმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, 1:2 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, სადაც მალტის „ჰამრუნს“ შეხვდება.


დინამო თბილისი – ასტანა 1:2 (პირველი მატჩი 1:1)


გოლები: 1:0 კამარა (22. იმრანის პასით). 1:1 ბეისებეკოვი (50. ამანოვიჩის პასით). 1:2 დარბოა (51).

„დინამო თბილისი“: ლორია – მალი (59. ხვადაგიანი), მარგველაშვილი (59. მაისუარძე), ტაბიძე, კალანდაძე – მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი (59. სიგუა) – იმრანი, ხარაიშვილი (71. მოისწრაფიშვილი), კამარა – სხირტლაძე (77. მარუშიჩი).

სათადარიგოები: კუტალაძე, კერესელიძე, იობაშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი, ოდიშარია, ოსიყმაშვილი,

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ასტანა“: ჩონდრიჩი – ბეისებეკოვი (65. ლონჩარი), მაროჩკინი, ტომაშევიჩი, ამანოვიჩი, როგოვსკი – იოვანოვიჩი (46. ჰოვანესიანი), ებონგი – ტომასოვი (86. ვოროგოვსკი), ორეგა (76. დოსმაგომბეტოვი) – დარბოა (86. აიმბეტოვი).

სათადარიგოები: პოდიმსკი, ზარუტსკი, ბასმანოვი, დარაბაიევი, ჰაროიანი, კუატი, პროკოპენკო.

მწვრთნელი: გრიგორ ბაბაიანი

არბიტრი: სტიუარტ ატვუელი (ინგლისი)