„დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 14-წლამდელთა გუნდი ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის, Vivacom Cup-ის გამარჯვებული გახდა. მიხეილ ზაბახიძის გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო და გოლი არ გაუშვია.
თბილისურმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუას“ 2:0 სძლია (გოლები: დემეტრე ბაკურია, სერაფიმე კაზაროვი), ამავე ანგარიშით დაამარცხა ლისაბონის „ბენფიკა“ (დემეტრე ჯანაშია, მათე მიქავა), ხოლო გიორგი ღუნაშვილის გოლით პაოკ-ს აჯობა.
ფინალში „დინამომ“ რაზგრადის „ჰიუვეფარმა არენაზე“ ბელგრადის „პარტიზანი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მე-8 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დემეტრე ბაკურიამ გაიტანა. მატჩში განსაკუთრებით გამოირჩა თბილისელთა მეკარე ნიკოლოზ კაჭახიძე, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა.
დაჯილდოების ცერემონიაზე დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს:
ტურნირის საუკეთესო მეკარე — ნიკოლოზ კაჭახიძე.
საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი — გიორგი ღუნაშვილი.
Vivacom Cup-ზე, „დინამოსა“ და ზემოთ აღნიშნული გუნდების გარდა, მონაწილეობდნენ: მასპინძელი „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი) და ოდილ აჰმედოვის აკადემია (უზბეკეთი). მესამე ადგილი მასპინძლებმა პაოკ-თან გამარჯვების შემდეგ დაიკავეს.
ბულგარეთში „დინამო“ 20 ფეხბურთელით იმყოფება: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.