„დინამო თბილისის“ აკადემიაში ვიტალი დარასელიას თასი იწყება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიაში ვიტალი დარასელიას თასი იწყება #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 4-დან 9 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას თასი მეხუთედ გათამაშდება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ტურნირი 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და მასში ექვსი კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მოახლოებულ ტურნირზე „დინამო თბილისის“ გარდა, იტალიური „ჯენოა“ და „მონცა“, ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ იასპარეზებენ. მატჩები „დინამოს“ აკადემიის მოედანზე ჩატარდება.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2015 წლიდან თამაშდება და წლეულს უკვე მეხუთედ გათამაშდება. ტურნირი „დინამო თბილისის“ ინიციატივით ტარდება და მასში ბევრი ცნობილი კლუბის აკადემიას უთამაშია – „ინტერს“, „ემპოლის“ (ორივე – იტალია), „ალკმაარს“, „ფეიენოორდს“ (ორივე – ნიდერლანდები), „ვულვერჰემპტონს“ (ინგლისი), „ციურიხს“ (შვეიცარია), კიევის „დინამოს“ (უკრაინა), „ბრაგას“ (პორტუგალია), „ესპანიოლს“ (ესპანეთი).

2016 წელს დარასელიას თასი „ალკმაარმა“ (ნიდერლანდები) მოიგო, 2017 წელს კიევის „დინამომ“ (უკრაინა), 2018 წელს – ბარსელონის „ესპანიოლმა“ (ესპანეთი).

თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა „ემპოლი“ 1:0 დაამარცხეს. მაშინ „დინამოს“ აკადემიის გუნდში თამაშობდნენ ლუკა გაგნიძე და საბა ხვადაგიანი, რომლებიც ამჟამად საქართველოს ნაკრების კანდიდატები არიან.