„დინამო თბილისის“ აკადემიაში საფეხბურთო ფესტივალი დასრულდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიაში საფეხბურთო ფესტივალი დასრულდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიამ 12-წლამდე ფეხბურთელთა ფესტივალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა „დინამოს“ საფეხბურთო სკოლასთან ერთად, იმ რეგიონების გუნდებმა მიიღეს, სადაც თბილისური კლუბის საფეხბურთო სკოლები გაიხსნა.

მთავარი პრიზისთვის რვა გუნდი იბრძოდა:

A ჯგუფი – „დინამო თეთრი“, „თეთრიწყარო“, „ბრიჯი“, „ტყიბული“;

B ჯგუფი – „კოდა“, „მანგლისი“, „დინამო ლურჯი“, „დმანისი“.

ფესტივალის გამარჯვებული „დმანისი“ გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში „კოდა“ დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ – 2:2 დასრულდა, თუმცა დმანისელებმა პენალტების სერია უკეთ შეასრულეს.

„ფესტივალის მთავარი მიზანი რეგიონებში არსებული „დინამოს“ საფეხბურთო სკოლების მუშაობის შეფასება გახლდათ. ამასთან ერთად, ტურნირი სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. ჩვენი აკადემიის მთავარ სელექციონერ თემურ უგრეხელიძესთან ერთად, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე ჩავინიშნეთ და მათზე დაკვირვებას განვაგრძობთ“ – განაცხადა „დინამოს“ აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „დინამომ“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, არსებული ფილიალების გარდა, საფეხბურთო სკოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გახსნის.