„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა „ზრინსკი“ დაამარცხა და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში „ზრინსკი“ 3:0 დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ბოსნიაში პირველი მატჩი 1:1 დასრულდა და თბილისელები განმეორებით შეხვედრაში ფავორიტებად ითვლებოდნენ. ახალგაზრდა „დინამოელებმა“ მოლოდინი გაამართლეს, მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.
მატჩის გმირი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ჰალიდ დოლტმურზიევი გახდა, რომელმაც მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე უპირატესობა თემურ ოდიკაძემ გაზარდა, ხოლო 57-ე წუთზე თავი კვლავ დოლტმურზიევმა გამოიჩინა.
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე კვიპროსის ჩემპიონს, ლარნაკას აეკ-ს დაუპირისპირდება.