„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში გასასვლელად კონცენტრაცია გვჭირდება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში გასასვლელად კონცენტრაცია გვჭირდება #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავით გელაშვილმა მინსკის „დინამოსთან“ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დინამომ“ მესამე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მინსკის „დინამო“ 2:0 დაამარცხა, 10 დეკემბერს კი, ბელარუსის გუნდს საპასუხო შეხვედრაში „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში „დინამო თბილისი“ პირველი ქართული გუნდი გახდება, რომელიც უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „გოლი+პასის“ სისტემით თბილისელთა 18 წლის თავდამსხმელი ჰალიდ დოლტმურზიევი ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 5 თამაშში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

დავით გელაშვილი („დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი) – „პირველ შეხვედრაში უპირატესობა გვქონდა და ეს ანგარიშშიც აისახა, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია.

მინსკის „დინამო“ აგრესიული გუნდია და რთულ თამაშს ველოდებით. წინა ეტაპზე „ლუდოგორეცთან“ პირველი მატჩი წააგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. თუ კონცენტრირებულები ვიქნებით, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და პლეი ოფში გავალთ.

გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია – ეს დამატებითი მოტივაციაა. ვეცდებით, ორი მატჩის ჯამში წარმატებას მივაღწიოთ და ჩვენი ქომაგები გავახაროთ“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.