„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდმა „ვალენსია“ დაამარცხა და „ბათუმის თასის“ გამარჯვებულია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდმა „ვალენსია“ დაამარცხა და „ბათუმის თასის“ გამარჯვებულია #1TVSPORT

„ბათუმის თასის“ პირველი გათამაშება „დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა.

ტურნირი ბათუმში საგანგებოდ ევრო 2023-ისთვის აშენებული საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მიმდინარეობდა, ფინალურ შეხვედრას კი „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა.

პირველი გოლი შეხვედრის 30-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ანდრია ეკუტიძემ გაიტანა. თბილისელთა „ათიანმა“ ვალენსიელთა საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ცოტა ხანში ალბერტ მადოიანს შეეძლო „დინამო“ ორი ბურთით დაეწინაურებინა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა.

ტურნირის გადამწყვეტი მატჩი დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთებში ესპანელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს.

შეხვედრის ბოლო წუთზე (ფინალი 40-წუთიანი ტაიმებით გაიმართა) თბილისელთა კონტრშეტევა ნიკა გოლავამ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ზურაბ ელიავას გუნდმა დაამარცხა „ალკმაარი“ (2:1), სფფ-ის აკადემია (2:0) და მარსელის „ოლიმპიკი“ (2:0), ხოლო ნახევარფინალში „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ სძლია – 4:1.

„ბათუმის თასზე“ დედაქალაქელებმა ოქროს მედლებთან ერთად ორი ინდივიდუალური ჯილდოც მიიღეს – ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად ნიკა სილაკაძე დაასახელეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრია ეკუტიძე აღიარეს.