„დინამო თბილისი“ ყაზახეთის დედაქალაქშია - „ასტანასთან“ გუნდს სამი ფეხბურთელი დააკლდება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ჩარტერული რეისით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანას“ შეხვდება.
მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ასტანაში 21 ფეხბურთელი ჩაიყვანა. ცნობილი გახდა, რომ ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი საზარდულის ტრავმის გამო თბილისურ გუნდს მომავალ მატჩში ვერ დაეხმარება. „დინამოს“ ასევე გამოაკლდნენ თორნიკე კირკიტაძე და ზორან მარუშიჩი.
„დინამო თბილისის“ შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე;
მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობური, ლუკა ლაკვეხელიანი
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი
თავდამსხმელები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი.

„დინამო თბილისმა“ მატჩისწინა ვარჯიში „ასტანა არენაზე“ გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა და შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას არ ელის. ჩემი მოლოდინიც შესაბამისია – ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას ველოდები.
ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმზე მეტი უნდა გავაკეთოთ. გუნდში გვყავს მოთამაშეები ტრავმებით. მთავარი დანაკლისი კი თორნიკე კირკიტაძეა.
მეტოქეს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები. ბევრი მათგანი თამაშობს ან ადრე უთამაშია ნაკრებში. ჩვენთვის პრობლემა იქნება ხელოვნური საფარი და ცხელი ამინდი“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
„ასტანა“ – „დინამო“ 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.