„დინამო თბილისი“ თიანეთში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თიანეთში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, – ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ცნობილია თბილისური კლუბის სტრატეგია – „დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, პარტნიორ საფეხბურთო სკოლებში „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სავარჯიშო მეთოდოლოგია დაინერგება. გადამზადდებიან ადგილობრივი მწვრთნელები, გამორჩეულ მოთამაშეებს კი კარიერის „დინამოს“ აკადემიაში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

„„დინამოს აკადემიის“ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და მოტივირებული მწვრთნელი გვყავს, ვინც იმსახურებს წარმატებულ კარიერას. „დინამოს აკადემიას“ კი ამ შესაძლებლობისთვის მადლობა, მინდა. გადავუხადო. ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმს გავაფორმებთ და ვიმედოვნებთ, თიანეთშიც წარმატებით ამოქმედდება „დინამოს“ საფეხბურთო სკოლა. მერია მზადაა, პროექტის განხორციელებას ფინანსურადაც დაეხმაროს“, – განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.

„აკადემიის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საწვრთნელი მეთოდოლოგია და ფილოსოფია უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშესთან მიგვეტანა. პროექტის მთავარი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ის საწვრთნელი მეთოდოლოგია, რომელიც, წლებია, ჩვენს აკადემიაში საუკეთესო შედეგს იძლევა. ამასთან ერთად, ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ბავშვი ჩავრთოთ ჩვენს საფეხბურთო სისტემაში და სელექციის არეალი კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, – აღნიშნა „დინამოს“ აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ.