„დინამო თბილისი“ ტალანტებს რაჭაშიც დააკვირდება - ონში ვეტერანებმა თასი გაითამაშეს #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ტალანტებს რაჭაშიც დააკვირდება - ონში ვეტერანებმა თასი გაითამაშეს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ სასელექციო მუშაობას რაჭაში იწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„დინამო თბილისის“ აკადემიის ხელმძღვანელები დაესწრენ ტურნირს და ონის კლუბ „მამისონთან“ და ამბროლაურის „რაჭასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, „დინამოს“ საფეხბურთო სკოლა ვალდებულებას იღებს მონიტორინგი გაუწიოს ონში და ამბროლაურში ბავშვთა საფეხბურთო სკოლების მუშაობას, შეარჩიოს ნიჭიერი, პერსპექტიული ბავშვები და მიიწვიოს „დინამოს“ აკადემიაში.

ონში გამართული ტურნირის თასი, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელის, ნოდარ გობეჯიშვილის სახელობის ონის „მამისონსა“ და ამბროლაურის „რაჭას“ ვეტერან ფეხბურთელთა შორის გათამაშდა.

გუნდები სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით იყვნენ წარმოდგენილნი – გოდერძი ჩიხრაძესა და პაპუნა ჯელაძეს საიუბილეო წელთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბექა ოშხერელმა ეროვნული ნაკრების მაისურები გადასცა.

ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი ამბროლაურის „რაჭას“ გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც ნოდარ გობეჯიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.