„დინამო თბილისი“ პორტუგალიური შეკრების ბოლომდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დინამო თბილისი“ პორტუგალიურ შეკრებას განაგრძობს. ლადო კაკაშვილის გუნდმა ორი დღე დაისვენა და 4 თებერვლიდან ვარჯიშები განაახლა. შეგახსენებთ, რომ თბილისელები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან, მანამდე კი გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ორივე მატჩი პორტუგალიურ გუნდთანაა ჩანიშნული – 8 თებერვალს „დინამოს“ მეტოქეობას „სპორტინგ კოვილია“ გაუწევს, ხოლო დასკვნითი მატჩი 12 თებერვალს „პორტიმონენსეს“ წინააღმდეგ გაიმართება.
გუნდს შეკრების მეორე ეტაპზე „დინამო 2“-დან ოთხი ფეხბურთელი დაემატა: მეკარე საბა ტარტარაშვილი, ნახევარმცველები ლუკა ბუბუტეიშვილი და რაულ ბარათელია და თავდამსხმელი სანდრო მიქაუტაძე.
პაპუნა ბერუაშვილი, თენგიზ გობეშია და ნიკოლოზ ჩიქოვანი თბილისში დაბრუნდნენ და დედაქალაქელთა მეორე გუნდს შეუერთდნენ, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე 8 თებერვალს „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება.