„დინამო თბილისი“ - ნინუა გუნდთან ერთად ემზადება
„დინამო თბილისი“ - ნინუა გუნდთან ერთად ემზადება

„დინამო თბილისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის 21 წლის კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას თურქულ გრანდ „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.

„ნინუას გადაყვანის მსურველები ნამდვილად ჰყავს. კლუბებს არ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ინტერესი და საუბრები ნამდვილად არის, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია. ნიკა „დინამო თბილისთან“ ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება.“ – განაცხადეს კლუბში საქართველოს პირველ არხთან.

ნიკა ნინუა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 21 წლის ფეხბურთელი, მიუხედავად მცირე ასაკისა, გასული სეზონიდან გუნდის კაპიტანია. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ნინუას ტრანსფერის პირობითი ღირებულება 900 ათასი ევროა და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

2016 წლიდან მოყოლებული, ნიკა ნინუამ „დინამო თბილისში“ 81 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბერს ეწურება. 21 წლის ფეხბურთელი იყო საქართველოს U17 და U19 ნაკრებების წევრი, ამჟამად კი U21 ფეხბურთელია. გასულ სეზონში მან რვა გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.