„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგაზე ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგაზე ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისმა“ ჰაიფას „მაკაბის“ უმასპინძლა და ამჯერადაც დამარცხდა – 1:2.

„დინამოს“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდა. თბილისელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-3 წუთზე გაუჩნდათ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზორან მარუშიჩმა ვერ გაიტანა.

ამისთვის „დინამო“ სტუმრებმა მალევე დასაჯეს: თბილისელთა მცველმა ბურთი ვერ მოიგერია – გადაცემა დოლევ ხაზიზამ ჩაჭრა და კარის წინ ომერ აცილის გადასცა, რომელმაც მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ დაცვაში შეცდომებს უშვებდნენ, რითაც „მაკაბიმ“ კიდევ ერთხელ ისარგებლა – 66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დინ დავიდმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ახლოდან ზუსტად დაარტყა (0:2).

თბილისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – 89-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში გიორგი პაპავამ გააგზავნა – 1:2.

„დინამოს“ მცდელობის მიუხედავად, გამარჯვება ჰაიფას „მაკაბის“ დარჩა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კი მიმდინარე ევროსეზონში საქართველოს უეფა-ს კოეფიციენტში ქულა კვლავ ვერ მოუტანა.

კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ და „დინამო თბილისის“ განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ჰაიფაში გაიმართება.