„დინამო თბილისი“ ბათუმს დაეწია - კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა
„დინამო თბილისი“ ბათუმს დაეწია - კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

„დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ „დინამო-არენაზე“ უმასპინძლა, დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და „დინამო ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა მიმდინარე სეზონზე ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გახლდათ, რომელიც „დინამოსთვის“ ცუდად დაიწყო. შესვენებამდე უპირატესობას „საბურთალო“ ფლობდა და 43-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გოლით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „საბურთალოსთვის“ ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც 67-ე წუთზე ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე გააძევეს – ამით „დინამომ“ სწრაფად ისარგებლა. 69-ე წუთზე ნიკა ნინუამ საჯარიმოდან წონასწორობა ეფექტური გოლით აღადგინა, ხოლო 75-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ ნინუამ გამოიყენა და საბოლოოდ, „დინამომ“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

„დინამო თბილისმა“ 61 ქულა დააგროვა და ლიდერს, „დინამო ბათუმს“ გაუთანაბრდა, ხოლო „საბურთალო“ მათ უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.