„დინამო“ სლოვაკურ გუნდს გასვლაზე დაუზავდა (ვიდეო)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში თბილისის „დინამომ“ ფრედ დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრა და მე-15 წუთზე დაწინაურდა. ოთარ კიტეიშვილის გადაცემით მასპინძელთა კარი ბუდუ ზივზივაძემ აიღო 1:1. სლოვაკებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღადგინეს: „დუნაისკა სტრედას“ შეტევა კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა ვაკუნ იუსუფ ბაიაომ დააგვირგვინა 1:1

მეორე ტაიმში სლოვაკები ბევრს უტევდნენ და საგოლე მომენტებიც ჰქონდათ. დინამოელები კი მწვავე კონტრშეტევებში ორგანიზებას ახერხებდნენ და 63-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღეს, თუმცა, არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი მათე ვაწაძეს შეეძლო „დინამოსთვის“ გამარჯვება მოეტანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ძელს მოარტყა.

საბოლოოდ, ფრე 1:1, რაც „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერ შანსს უტოვებს. განმეორებითი თამაში 19 ივლისს „დინამო-არენაზე“ გაიმართება.