პორტუგალიურ შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ მორიგი მატჩი ადგილობრივ „სპორტინგ კოვილიასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში „კოვილიამ“ ორი გოლი გაიტანა – მე-13 წუთზე ანგარიში დამიანუმ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე სხვაობა ორამდე ოლივეირამ გაზარდა. თბილისელებიდან მიზანთან ახლოს ნოდარ ლომინაძე და ცოტნე ბერელიძე იყვნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა.
სინჯებზე მყოფმა უკრაინელებმა კირილ პაშკომ და ვლადისლავ კალინმა გუნდი დატოვეს. „კოვილასთან“ მატჩში უკრაინელმა 22 წლის ფლანგის მცველმა, ბოგდან პოტალოვმა ითამაშა – მასთან მიმართებაში გუნდი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
ლადო კაკაშვილის გუნდი თბილისში დაბრუნებამდე, 12 თებერვალს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს დინამოელთა მეტოქე ადგილობრივი „პორტიმონენსე“ იქნება.
„დინამო თბილისი“ – „სპორტინგ კოვილია“ 0:2
„დინამო“: მაქაცარია, პოტალოვი, იაკობიძე, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, ბერელიძე, კანკავა, ლომინაძე, ადრიან სეზარი, ოვუსუ, არტური.
65-ე წუთიდან მოედანზე შევიდნენ: სიკაჩი, ბარათელია, გვასალია, ვაწაძე, სადღობელაშვილი, ბუბუტეიშვილი, ხვადაგიანი, მიქაუტაძე, ბაგრატიონი, გოცირიძე, წულაია.