„დინამო“ შეკრებაზე ბულგარულ გუნდს დაუზავდა
„დინამო“ შეკრებაზე ბულგარულ გუნდს დაუზავდა

თურქულ შეკრებაზე თბილისის „დინამომ“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ფრეს დასჯერდა. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვეადგილოსანიპლოვდივის „ლოკომოტივი“ გახლდათ.

მე-18 წუთზე გიორგი კუხიანიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ლევან შენგელია შეიჭრა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში არგენტინელმა ანტონიო როხანომ გახსნა 1:0. 25-ე წუთზე თბილისელები მეკარე სტეპან სიკაჩმა იხსნა. ცოტახანში ფრან კარბია, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ აქტიური გახლდათ, მეტოქის კარისკენაც გაიჭრა – დინამოელი მცველმა წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა, თუმცა შეთანხმების მიხედვით გუნდებმა შეხვედრა სრული შემადგენლობით გააგრძელეს.

მე-40 წუთზე მეტოქემ წონასწორობა აკროპოვიჩის გოლით აღადგინა, რასაც ორიოდე წუთში დმიტრო ივანისენიას შორეული ზუსტი გასროლა მოჰყვა და „დინამო“ ისევ დაწინაურდა 2:1. მეორე ტაიმი თბილისურმა გუნდმა ცვლილებებით დაიწყო. 55-ე წუთზე ბულგარელები ფრან კარბიას შეტევის შემდეგ მეკარემ გადაარჩინა. თბილისელებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი განახორციელეს. მაგრამ შანსებით აკაკი შულაიამ, მიხეილ ერგემლიძემ და ლევან კუტალიამ ვერ ისარგებლეს. ბოლო ათ წუთში მეტოქემ ორი სახიფათო შეტევა განახორციელა. პირველ შემთხვევაში „დინამო“ მეკარე ხოსე პერალესმა იხსნა, მეორედ კი თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბულგარელებმა გამოიყენეს და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

„დინამო“ – „ლოკომოტივი“ 2:2
გოლი: 1:0 როხანო (19), 1:1 აკროპოვიჩი (40), 2:1 ივანისენია (42), 2:2 ილიევი (84. პენალტით)

„დინამო“: სიკაჩი (მამარდაშვილი 30 (პერალესი 60), რუხაია, მეჯუბი (გაბიტაშვილი 53), კობოური (ქაფიანიძე 66), იაშვილი (ძოწენიძე 46), ივანისენია (პაპავა 46), კუხიანიძე (ზარია 46), შენგელია (შულაია 56), კარბია, კუტალია, როხანო (ერგემლიძე 58).

„ლოკომოტივთან“ შეხვედრაში შეკრებაზე მყოფმა თითქმის ყველა ფეხბურთელმა ითამაშა – მხოლოდ ნიკა ნინუა და ბაქარ ქარდავა ისვენებდნენ, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებთ. მომდევნო მატჩს „დინამო“ 1 თებერვალს, სუბოტიცას „სპარტაკთან“ გამართავს.

დატოვე კომენტარი