„დინამო“ ნიდერლანდულ კომპანიასთან ითანამშრომლებს - ჭიაბრიშვილი ახალი ანალიტიკური პროგრამით კმაყოფილია #1TVSPORT
„დინამო“ ნიდერლანდულ კომპანიასთან ითანამშრომლებს - ჭიაბრიშვილი ახალი ანალიტიკური პროგრამით კმაყოფილია #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ მონაცემთა ანალიტიკის ახალი პროგრამით, SciSports-ით ისარგებლებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობის მიხედვით, „დინამო თბილისმა“ მონაცემთა ანალიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პროგრამა შეიძინა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების ანალიზის შედეგად, სამწვრთნელო შტაბს, მოთამაშეების შესახებ მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მოწინააღმდეგის ანალიზისთვის, ასევე სკაუტინგისთვის.

SciSports 2013 წელს ნიდერლანდებში დაარსდა. კომპანია საფეხბურთო ანალიტიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. აღნიშნული სერვისით აქტიურად სარგებლობენ „აიაქსი“, „ლიდსი იუნაიტედი“, „უნიონ ბერლინი“, „რეიმსი“, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია და სხვა ცნობილი საფეხბურთო ორგანიზაციები. „დინამო თბილისი“ კი ამიერკავკასიაში პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც SciSports-ის სისტემით იმუშავებს.

​ახალი ანალიტიკური პროგრამის შესახებ კომენტარი თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა: 

„თანამედროვე ფეხბურთში ანალიტიკას უდიდესი როლი აქვს, გუნდის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს როგორც მოწინააღმდეგეზე, ასევე ჩვენს გუნდზე. მოხარული ვარ, რომ „დინამომ“ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროგრამა შეიძინა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყველა საჭირო მიმართულებით სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ“.​

„დინამოს“ ანალიტიკოსთა გუნდს ახალი წევრი შეემატა, მონაცემთა ანალიტიკოსი მიხა გაბეჩავა, რომელიც სწორედ SciSports-ის მიმართულებით იმუშავებს: 

„მოხარული ვარ, რომ „დინამო თბილისის“ ანალიტიკოსთა ჯგუფს შევუერთდი და გუნდში SciSports სისტემა დაინერგა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეების შესახებ რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას ვფლობდეთ, ეს ეხება როგორც ახლა გუნდში მყოფებს, ასევე პოტენციურ ახალწვეულებს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ SciSports ამ მიმართულებით ძალიან დაგვეხმრება და ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იქნება“.

„დინამოსთან“ თანამშრომლობის შესახებ კომენტარი ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენელმა სებასტიან პოტმა გააკეთა: 

„ძალიან სასიამოვნოა ყველაზე დიდ ქართული გუნდთან, „დინამო თბილისთან“ თანამშრომლობა. წლების განმავლობაში ამ ისტორიული კლუბის აკადემიამ უმრავი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღზარდა. გვიხარია, რომ ახლა კლუბს დავეხმარებით მათი სკაუტინგი და ანალიტიკა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“.