„დინამო“ მეორედაც დამარცხდა - ცხადაძე ისევ ფეხბურთელებმა დააღალატეს #1TVSPORT
„დინამო“ მეორედაც დამარცხდა - ცხადაძე ისევ ფეხბურთელებმა დააღალატეს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ აზერბაიჯანულ „ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩი გამართა და კვლავ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი რეალური საგოლე გადაცემა კი 31-ე წუთზე „დინამომ“ შექმნა. მშვენიერი საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი გაბედავას, მაგრამ აზერბაიჯანელების მეკარე აგილ მამადოვმა მშვენივრად ითამაშა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი სიტუაცია მცველმა განმუხტა. გაბედავას ანგარიშის გახსნა 44-ე წუთზე კიდევ შეეძლო, მაგრამ თბილისელთა თავდამსხმელის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმში „დინამომ“ მაინც გაიტანა – 51-ე წუთზე, ლევან ხარაბაძის დარტყმის შემდეგ ბაქოელები ძელმა იხსნა, დამატებაზე გიორგი კუციამაც ძელს მორტყა, მაგრამ მეორე დამატებაზე მილან რადინმა ზუსტად დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა – 0:1.

როგორც თბილისურ შეხვედრაში, ბაქოელებმა ამჯერადაც თბილისელთა უხეში შეცდომით გაიტანეს. 58-ე წუთზე, მეკარე როინ კვახვაძემ ბურთი ვერ შეიკავა და რომ არ დაეკარგა, „ნეფთჩის“ შემტევი მეზა კოლი წააქცია, სტუმართა კარში დანიშნული პენალტი კი ემინ მაჰმუდოვმა გამოიყენა – 1:1. 68-ე წუთზე კი ნამიკ ალესკეროვმა თბილისელთა კარი მეორედ აიღო და მასპინძლები დააწინაურა – 2:1.

საფინალო სასტვენამდე თბილისელებმა საგოლე მომენტები კიდევ შექმნეს, მაგრამ კახა ცხადაძის გუნდს შემადგენლობის მხრივ ძალიან რომ უჭირს, ეს ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა – საბოლოოდ, ბაქოს „ნეფთჩმა“ მეორე მატჩიც 2:1 მოიგო და „დინამო“კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ყაზახურ „კაირატის“ მიერ ორი მატჩის ჯამში დამარცხებულ (1:1, 2:0) ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. თუმცა, თუ გუნდის ხელმძღვანელობამ „დინამოს“ გაძლიერება ვერ მოახერხა, ამ შემადგენლობით წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

„ნეფთჩი” – „დინამო თბილისი“ 2:1

გოლები: 0:1 რადინი (51), 1:1 მახმუდოვი (58. პ), 2:1 ალესკეროვი (68)

დინამო თბილისი: კვასხვაძე, სპორქსლედე, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე, რადინი, ქარდავა, კუცია, მარუშიჩი, გაბედავა.