„დინამო“ ლიდერებს გაუთანაბრდა - „სიონი“ ერთადერთია, ვისაც ჯერ არ გაუტანია #1TVSPORT
„დინამო“ ლიდერებს გაუთანაბრდა - „სიონი“ ერთადერთია, ვისაც ჯერ არ გაუტანია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა – „დინამო თბილისმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში „სიონმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და კარი უგოლოდ შეინახა. მაგრამ მეორე ტაიმში „დინამოს“ მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შეტევა გააძლიერა და ამან გუნდს შედეგი მოუტანა.

თბილისელებმა ანგარიში 63-ე წუთზე გახსნეს – უსმანე კამარა სტუმართა საჯარიმოში შევარდა და შეტევა დმიტრი ანტილევსკის გაუგრძელა, ბელარუსმა თავდამსხმელმა კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.

სამი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 6 ქულა დააგროვა და ლიდერთა ჯგუფს გაუთანაბრდა, ხოლო ბოლნისის „სიონი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ აუღია და გოლიც არ გაუტანია.