„დინამო“ ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
„დინამო“ ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ დაწინაურდა და ერთი მოგება აშორებს ზედიზედ მეორე ტიტულამდე.

ქუთაისში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო – 1:1. სერიამ თბილისში გადმოინაცვლა და მესამე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დიდი ნაწილი „ქუთაისი“ იგებდა და ბოლო მეოთხედის წინ 11 ქულით იყო დაწინაურებული, მაგრამ სტუმრებმა კატასტროფულად ჩაატარეს მატჩის დასკვნითი ნაწილი, ბოლო 10 წუთში მხოლოდ ხუთი ქულა აიღეს, უკანასკნელ ხუთწუთნახევარში კი ქულა ვერ მოიპოვეს. „დინამო“ კი ამ პერიოდში 12:0 გაიქცა და 80:71 გაიმარჯვა.

თბილისელთა რიგებში საუკეთესო კაელ ტურპინი იყო ორმაგი დუბლით – 28 ქულა და 10 მოხსნა. 25 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, რეივენ ლიმ – 12. „ქუთაისში“ 24 ქულა ჰქონდა დეჟან რაითს, 16 ქულა და ცხრა მოხსნა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა.

ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს, 16:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, „დინამო“ ჩემპიონი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს 30 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.