„დინამო ბათუმის“ მფლობელი აცხადებს, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს
„დინამო ბათუმის“ მფლობელი აცხადებს, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს

„დინამო ბათუმის“ მფლობელი არჩილ ბერიძე გუნდის დატოვებას არ აპირებს. როგორც ბერიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გუნდთან ერთად დაგეგმილი პროექტების განხორციელებას გააგრძელებს.

არჩილ ბერიძეს პრეტენზია აქვს „ჩიხურასა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯთან, გოგა კიკაჩეიშვილთან. ის მსაჯს გამიზნულ ქმედებაში ადანაშაულებს. ბერიძე არ აკონკრეტებს ცალკეულ გუნდებს, თუმცა ამბობს, რომ მსაჯის მიკერძოებული ქმედება განპირობებული იყო არა ფედერაციის, არამედ კონკურენტი გუნდების ინტერესით. „დინამო ბათუმის“ მფლობელი მსაჯის დისკვალიფიკაციას ითხოვს.

კიკაჩეიშვილისთანა არამზადები უნდა მოშორდნენ ქართულ ფეხბურთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. აქ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ინტერესში ეს არ შედიოდა, ეს კონკურენტი გუნდებისგან მოდის“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო ბათუმს“ შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა „ჩიხურას“ სასარგებლოდ, 2-0 დასრულდა. „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრები რამდენიმე საეჭვო ეპიზოდსა და მსაჯის არაობიექტურობაზე საუბრობენ. გუნდმა უკვე მიმართა რეაგირებისთვის მსაჯთა კოლეგიას.