„დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ დიდი გამარჯვებიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა #1TVSPORT

16:42, 03.09.2026

50 წლის წინ, 1976 წლის 3 სექტემბერს, თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა. ამ თარიღთან დაკავშირებით, „დინამო არენაზე“ საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

ეს ნოდარ ახალკაცის ფორმაციის „დინამოს“ პირველი დიდი გამარჯვება იყო, საიდანაც გუნდის აღმასვლა დაიწყო. ეს დღე „დინამოს“ ახალი გუნდის დაბადების თარიღადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან აქედან იწყება გამარჯვებათა სერია, რომელიც 1981 წლის 13 მაისს, ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებით დაგვირგვინდება.

„დინამო არენის“ შესასვლელში ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. გაიმართა ილია ბაბუნაშვილის წიგნის, „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთი“, პრეზენტაცია, ბოლოს კი გიგა გვენცაძის ფილმის, „ახალი გუნდი, ფინალი ნომერი 6“-ის პრემიერა შედგა.

ღონისძიებებებს დაესწრნენ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, სპორტის სამინისტროს, თბილისისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები, სპორტის ჟურნალისტები, მათ შორის, სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ედუარდ კალანტარიანი და ვიცე-პრეზიდენტი, ხაჩიკ ჩახოიანი.

საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი