„დინამო არენა“ გერმანელმა არქიტექტორებმა დაათვალიერეს #1TVSPORT
„დინამო არენა“ გერმანელმა არქიტექტორებმა დაათვალიერეს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას მოწვევით, თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქტიტექტურული კომპანიის, HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯიო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს „დინამო არენის“ რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები. კომპანიის წარმომადგენლებმა სტადიონი დაათვალიერეს და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა, თუ რა მიმართულებით შეიძლება მისი განვითარება.

„მოხარული ვარ, რომ „დინამო არენის“ რეაბილიტაციით ასეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა. ამ ადამიანებს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და აახლებენ სტადიონებს.

„დინამო არენას“ უდიდესი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, რომ მისი განახლება ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ჩვენი იდეის თანახმად, არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და, სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

ანტონიო ვუტაჯიო: „თბილისში ჩამოსვლის შემდეგ „დინამო არენასთან“ რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დიდი პოტენციალი დავინახეთ. დღეს კი სტადიონი დავათვალიერეთ და ბევრი შესაძლელობა აღმოვაჩინეთ, რომ შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით, სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა“.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, HPP Architects ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტადიონების მშენებლობასა და განახლებაზე მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას ისეთ სტადიონებზე აქვს ნამუშავარი, როგორებიცაა: Europa-Park Stadium Freiburg-ი, BayArena Leverkusen-ი, Xujiahui Sportpark Shanghai.