დიმიტრი შაშკინი კახა ოქრიაშვილთან შეხვედრაზე - დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი
დიმიტრი შაშკინი კახა ოქრიაშვილთან შეხვედრაზე - დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი

დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი შაშკინმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატ კახა ოქრიაშვილთან ერთად არის გადაღებული. ამასთან, ფოტოზე, რომელიც „ფეისბუქში“ გუშინ გავრცელდა წარწერით – „დღევანდელი შეხვედრა“, ჩანან ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები.

შეკითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, კახა ოქრიაშვილის პარტიასთან ითანამშრომლოს, შაშკინმა განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს ეს ქვეყნისთვის დამაქცეველი რეჟიმი დავასრულოთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო და აუცილებლად, როდესაც ეს დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, შეკითხვაზე, ვანო მერაბიშვილი რჩება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, შაშკინმა აღნიშნა, რომ „ყველა ერთად იბრძოლებენ“ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ვანო მერაბიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მაჟორიტარულ არჩევნებში, ის არ იქნება არც პარტიულ სიაში და მან უარი თქვა მომავალშიც ნებისმიერ თანამდებობაზე. როგორც რიგითი მებრძოლები, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სხვა ლიდერებთან და რიგითებთან ერთად იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს დასრულდეს ეს დამაქცეველი და მავნე რეჟიმი“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დატოვე კომენტარი