დიმიტრი მედვედევი - რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი, ეს არის ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის
დიმიტრი მედვედევი - რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი, ეს არის ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინაში შექმნილ ვითარებას დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის დაპირისპირებას უწოდებს. ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„ის, რაც ახლა ხდება უკრაინასა და დონბასში, არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს არის ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევის თქმით, ეს დაპირისპირება გამოწვეულია „კაცობრიობის შემდგომი განვითარების შესახებ შეხედულებების დიამეტრული წინააღმდეგობით“.

მედვედევმა განმარტა, რომ ერთ მხარეს არიან დასავლური ქვეყნები, რომლებსაც „არ სურთ, აღიარონ, რომ სამყარო რადიკალურად შეიცვალა და კარგავენ დომინირებას“. მეორე მხარეს, მისი თქმით, არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ „გლობალური აღმოსავლეთი და სამხრეთი“.

მედვედევმა ისაუბრა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და აღნიშნა, რომ რუსეთი აუცილებლად მიაღწევს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საფრთხის აღმოფხვრას.

„ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხე და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, რუსეთს არასოდეს უცდია ნატო-ს შეკავება, მხოლოდ სთხოვა, რომ გათვალისწინებულიყო მისი უსაფრთხოების საკითხები და არ მიეწვიათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ალიანსში.