დიმიტრი ხუნდაძე - ყველას გვინდა, რომ საგანგებო მდგომარეობა სწრაფად მორჩეს, მაგრამ არა იმ რეჟიმით, რაც ოპოზიციას სურს
დიმიტრი ხუნდაძე - ყველას გვინდა, რომ საგანგებო მდგომარეობა სწრაფად მორჩეს, მაგრამ არა იმ რეჟიმით, რაც ოპოზიციას სურს

გასაგებია, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ტრიბუნის გარეშე დარჩა, მაგრამ ჩვენ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არა ოპოზიციის განწყობიდან და დაკვეთებიდან გამომდინარე, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„რა თქმა უნდა, იქნება სპეკულაციებიც, ყველა პოზიტივის ნეგატივში გადმოტანაც და ა.შ, რასაც მიჩვეული ვართ. არაფერი უცხო ახლა არ ხდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ მათ პროცესის დაზიანების უფლებას არ მივცემთ. თუმცა, კითხვების დასმის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ და ჩვენც გამოვიყენებთ ტრიბუნას, რომ პასუხები გავცეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს შეკითხვები მთავრობის მეთაურთან და რამდენად რელევანტურად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვითარებაში მთავრობის ხელმძღვანელის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამის დრო იქნება.

„აბსოლუტურად ყველას გვინდა, რომ ეს პროცესი ყველასთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩადგება; იქნება კითხვებიც და იქნება პასუხებიც; იქნება პარლამენტში პრემიერის მისვლაც, მინისტრის საათიც და ა.შ, როგორც აქამდე იყო. თქვენ ხედავთ, რომ ღია პროცესი მიდის. საკოორდინაციო საბჭოს ყოველი შეკრების შემდეგ არის ბრიფინგები, ინფორმაცია და აქ დახურული არაფერია; ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა და ამ პროცესს საგანგებო მართვა სჭირდება. პარლამენტმა ახლა პრაქტიკულად, მთავრობას მიანდო ამ პროცესის მართვა, რასაც პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ საგანგებო მდგომარეობა სწრაფად მორჩეს, მაგრამ არა იმ რეჟიმით, რაც ოპოზიციას უნდა. იმიტომ, რომ ისინი ეპიდვითარებას არც აქცევენ ყურადღებას და ფაქტობრივად, პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. არადა, პანდემიასთან პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად შეუთავსებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.