დიმიტრი ხუნდაძე - საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რასაც მსოფლიო აღიარებს, მაგრამ არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ბიძაშვილ-მამიდაშვილობას
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რასაც მსოფლიო აღიარებს, მაგრამ არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ბიძაშვილ-მამიდაშვილობას

ვითარება საგანგებოა და ოპოზიციაც საგანგებო გვყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„ეს პირველი არ არის, როცა ოპოზიცია ყველაფერს იწუნებს, ყველგან ყველაფერს აკრიტიკებს და ყველაფერს ნეგატივში წარმოაჩენს. საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რასაც პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ბიძაშვილ-მამიდაშვილობას. რა ვქნათ ახლა? რეალობა ეს არის და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ეს მხოლოდ არჩევნებზე შეიცვლება და ვფიქრობ, საზოგადოება ამას ნამდვილად შეცვლის“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ოპოზიცია პოლიტიკურ ტრიბუნას ითხოვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პოზიტივი ნეგატივში წარმოაჩინოს.

„მთავარია, სწორად იმართოს ეპიდვითარება, რაც საკმაოდ მძიმეა. ხედავთ, რომ გლობალურად უკვე 3 600 000 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 250 000-ს გასცდა. თავიდან, პროგნოზულად მოლოდინი იყო 2-3% გარდაცვალება, მაგრამ ახლა ზოგადად, საერთო მაჩვენებელი 7%-ია. არის ქვეყნები, სადაც 13-14 და 15%-ია. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს და არ შეიძლება პოლიტიკური ტრიბუნის მოთხოვნა მარტო იმიტომ, რომ ყველა პოზიტივი ნეგატივში წარმოაჩინო. მით უმეტეს, შედეგი მეტყველებს ყველაფერზე და ყველასგან განსხვავებით, საქართველოში ეპიდვითარება არის ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგებით. ამას უბრალოდ, სურვილი უნდა, რომ ეს ყველაფერი დაინახო, მაგრამ ზოგს ამის სურვილიც არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.