დიმიტრი ხუნდაძე - მესმის, რომ ოპოზიცია უსაქმოდ დარჩა, მაგრამ ზოგჯერ სჯობს, ხელისუფლებას შინ დარჩენით დავეხმაროთ და არა უსაფუძვლო აურზაურის ატეხვით
დიმიტრი ხუნდაძე - მესმის, რომ ოპოზიცია უსაქმოდ დარჩა, მაგრამ ზოგჯერ სჯობს, ხელისუფლებას შინ დარჩენით დავეხმაროთ და არა უსაფუძვლო აურზაურის ატეხვით

ოპოზიცია რეგულაციებს იწუნებს, მაგრამ საქართველოს უმეტესი ქვეყნებისგან გამორჩეული ეპიდშედეგები სწორედ ამ რეგულაციებმა განაპირობა, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„ეს შედეგები იმან განაპირობა, რომ საკოორდინაციო საბჭო იქამდე შეიქმნა, ვიდრე ეპიდემია პანდემიად გამოცხადდებოდა და პირველი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა. ასევე იმან, რომ საზღვრები დროულად ჩაიკეტა, ეპიდმისამართებზე დროული მიდევნება, ამ მისამართების დაზუსტება და ადამიანების კარანტინის რეჟიმში გადაყვანა ან საჭიროების შემთხვევაში პაციენტების კლინიკებში მოთავსება მოხდა. აი, ამ ყველაფერმა მოიტანა ეს შედეგი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლებას სამი მიმართულება აქვს.

„ერთი, რომ ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს და ყველასთვის სასურველი შედეგი დადგეს. ასევე ის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. იცით, რომ ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რთულდება, რადგან ეკონომიკამ რყევა დაიწყო და ეს რყევები ჩვენთანაც არის. ასევე, მნიშვნელოვანია, პროცესი იმგვარად ვმართოთ, რომ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები არ მივიღოთ. ამას დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და არა პოლიტიკური აჟიოტაჟი და ტრიბუნების მოთხოვნა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიცია უსაქმოდ დარჩა, მაგრამ ზოგჯერ სჯობს, ხელისუფლებას შინ დარჩენით დავეხმაროთ და არა უსაფუძვლო აურზაურით.

„მესმის, რომ ოპოზიცია უსაქმოდ დარჩა, მაგრამ ზოგჯერ სჯობს, ხელისუფლებას შინ დარჩენით დავეხმაროთ და არა უსაფუძვლო აურზაურის ატეხვით იმიტომ, რომ ვიღაცას ტრიბუნა მოენატრა, ვიღაცას მიკროფონი, ვიღაცას კი უნდა, საზოგადოებას აჩვენოს, რომ უფრო მეტად მზრუნველია, ვიდრე ხელისუფლება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი შედეგით იზომება, საქართველოს შედეგს კი პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო აღიარებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საპარლამენტო კომისიის შექმნა ჩართავდა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრს პრობლემების ერთობლივად მოგვარების პროცესში, რაც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ შექმნა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ასეთი კომისიის შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობს.

„საუბარია კომისიების შექმნაზე, იქ რაღაც სწრაფ ტესტებზე და ჩასაფრება, თითქოს, რაღაც იმალება. კიდევ ერთხელ ვამბობ – გაზომეთ შედეგი, რა შედეგი აქვს საქართველოს და ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ეპიდემიოლოგიურად დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.