დიმიტრი ხუნდაძე - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრები არიან, მაგრამ ეს არ არის მანდატი, რომ პროცედურები ირღვეოდეს
დიმიტრი ხუნდაძე - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრები არიან, მაგრამ ეს არ არის მანდატი, რომ პროცედურები ირღვეოდეს

ეკა ბესელია არის ჩვენი გუნდის წევრი ისევე, როგორც გედევან ფოფხაძე, მაგრამ მეგობრობა და თანაგუნდელობა არ არის იმის მანდატი, რომ პროცედურები ირღვეოდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქციის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფოფხაძის არჩევა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მოხდა.

„გაწვევა იყო ფრაქციის უმრავლესობის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გედევან ფოფხაძის მოწინააღმდეგეა ვინმე. ეს უბრალოდ არის შედეგი. მთავარი არის, რომ პარლამენტარებმა ფრაქციის ფორმატში იქნება, თუ სხვა ფორმატში, რეგლამენტს უნდა ვცეთ პატივი. ყველაზე მთავარი კი, შიდა გუნდური წესების დაცვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი კარგავს სახეს. გუნდური წესების დაცვა არის მოვალეობა თითოეული გუნდის წევრის, ეს იქნება ფოფხაძე, ხუნდაძე, ქუცნაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. ეკა ბესელიაც, გედევან ფოფხაძეც არიან ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები, მაგრამ მეგობრობა არ არის მანდატი იმისა, რომ პროცედურები ირღვეოდეს. რეგლამენტი დაირღვა მარტივი მიზეზის გამო, თავმჯდომარემ წარადგინა სამი კანდიდატურა, რაც დარღვევაა. ჩვენ ვართ კანონმდებლები და უნდა ვიცავდეთ წესებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.