დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელი არის საქართველოში ელჩი
დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელი არის საქართველოში ელჩი

ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელი არის საქართველოში ელჩი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე 2021 ფისკალური წლისთვის.

„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არსებობს. თუ ამ კუთხით ვითარება გასაუმჯობესებელია, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. მაგრამ ძირითადად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ოფიციალური ამერიკის რეკომენდაციები, განცხადებები და არ ვთქვათ, ვეძიოთ იქ, სადაც მოვძებნით საჩვენო სათქმელს პოზიციის თუ ოპოზიციის სასარგებლოდ.

ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ელჩი. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ეფუძნება სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებს და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ განცხადებაში მსგავსი არაფერი ყოფილა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსალყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე. ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.