დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ბოიკოტი გამოიყენოს
დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ბოიკოტი გამოიყენოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ბოიკოტი გამოიყენოს.

საუბარია დღეს გაფართოებულ სხდომაზე საბჭოს წევრის, თამარ ონიანის ინიციატივაზე, როდესაც მან მოუწოდა მოსამართლეებს, არ უპასუხონ დოლიძისა და ჯანეზაშვილის კითხვებს, ისევე, როგორც არამოსამართლე წევრები იქცევიან და არ პასუხობენ მათ შეკითხვებს.

მოსამართლეები დოლიძისა და ჯანეზაშვილისგან ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ უჭერენ მხარს დეპუტატთა 9-კაციანი ჯგუფის მიერ წარდგენილ ინიციატივას.

დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მან მართლაც გამოიყენოს ეს ფორმა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

„არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მიდგომა ავირჩიო ამ ქალბატონების მიმართ. როდესაც იუსტიციიის საბჭოს ფორმატში იქნება რაღაც საკითხი განსახილველი, მათ ექნებათ ჩემთან კითხვები და მე ისევე არ ვუპასუხებ, როგორც მათ დღეს გააკეთეს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენეს ამდენ მოსამართლეს და მათ ლეგიტიმურ შეკითხვებს პასუხი არ გასცეს. არ არის გამორიცხული, დღეიდან ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის შეკითხვებს არც მე ვუპასუხო არანაირ ფორმატში. ეს არ არის შურისძიება, ეს არის ის რეჟიმი, რაც მათ აირჩიეს ჩვენთან ურთიერთობაში”,-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.