დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპოზიციის მცდელობა, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი, შედეგს ვერ გამოიღებს
ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ოპოზიციის მცდელობა, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი, შედეგს ვერ გამოიღებს, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის ბრალდებას ბათუმში ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწრზე არაფერი ჩანს.
„მიზანმიმართულად ხდება სპეკულირება. ჩანაწერი ვნახე და მკაფიოდ არაფერი ჩანს. თუ რაიმე დარღვევა იქნება, ყველაფერზე რეაგირება მოხდება. თითქოს აჟიოტაჟის მოლოდინია. ეს მათი დღის წესრიგია. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და არჩევნები მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია… ხელოვნური აჟიოტაჟი არანაირ შედეგს არ გამოიწვევს”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს. ქიმადაძემ წარმოადგინა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველს ფულს ურიგებენ, თუმცა ადამიანები, რომლებიც კადრში ჩანან, იდენტიფიცირებულები არ არიან.