დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია პარლამენტში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უნდა მივიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უნდა მივიდეს.
დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესზე მსჯელობა ზედმეტი პოლიტიზების გარეშე უნდა მოხდეს.
„სჯობს, შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევნების შემდეგ პერიოდში მოვიდეს, რათა მტკივნეულ და მწვავე საკითხებს პასუხები გაეცეს არა საარჩევნო გარემოში, არამედ მშვიდ გარემოსა და ზედმეტი პოლიტიზების გარეშე“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში უმცირესობა იბარებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრი უწყებაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდებოდა.