„დილას“ თავდამსხმელი უზბეკეთში ითამაშებს #1TVSPORT
„დილას“ თავდამსხმელი უზბეკეთში ითამაშებს #1TVSPORT

თამაზ მაქაცარია კარიერას უზბეკეთში, ფერგანას „ნეფთჩიში“ გააგრძელებს – ეს საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელმა დაუდასტურა.

26 წლის თავდამსხმელი წელს „გაგრადან“ გორის „დილაში“ გადავიდა, მაგრამ ზაფხულში გუნდი დატოვა.

„უზბეკეთში წავედი და ფერგანას „ნეფთჩისთან“ კონტრაქტზე ხელი მოვაწერე. ხელშეკრულება 0,6 პლუს 1 წელზეა გათვლილი“, – ამბობს თამაზ მაქაცარია.

რატომ უზბეკეთი? 26 წლის თავდამსხმელს გასულ ზაფხულში „გაგრაში“ ჩატარებული თამაშების შემდეგ ევროპაში იწვევდნენ და უკეთესი ვარიანტები ჰქონდა:

„ახლა ეს იყო ყველაზე რეალური ვარიანტი. „ლოკომოტივში“ ვვარჯიშობდი, მაგრამ დარჩენაზე ლაპარაკი არ გვქონია და გუნდს მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. ვთხოვე, უბრალოდ ვარჯიშობდი და გვერდში დამიდგნენ“.

თამაზ მაქაცარიას გორის „დილასთან“ ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ერთი თვე თავისუფალი აგენტი იყო. ის გასულ სეზონზე 24 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, პლუს, კონფერენს-ლიგაზე „სუტიესკას“ გაუტანა, ხოლო „დილაში“ მის ანგარიშზე 3 გოლია.

ფერგანას „ნეფთჩი“ 1990-იან წლებში „პახტაკორსთან“ ერთად უზბეკური ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან კლუბად მიიჩნეოდა. მისი მთავარი სპონსორი ფერგანას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ფერგანელები 5-ჯერ გახდნენ უზბეკეთის ჩემპიონები, 2-ჯერ კი უზბეკეთის თასის გამარჯვებულები.

თუმცა „ნეფთჩის“ ბოლო ჩემპიონობიდან 21 წელი გავიდა და ახლა კლუბს რთული პერიოდი დაუდგა – 14-გუნდიან ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 11 ქულით „ნეფთჩი“ ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.