„დილას“ პირველი მოგება - ორი წითელი ბარათი, ცხრა ყვითელი და კინკლაობა გორში
„დილას“ პირველი მოგება - ორი წითელი ბარათი, ცხრა ყვითელი და კინკლაობა გორში

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-19 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილის გოლით გახსნეს, 26-ე წუთზე კი „დილაში“ საბურთალოდან იჯარით დამატებულმა გურამ გოშთელიანმა ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. 35-ე წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ „ლოკომოტივმა“ მეტი ვერაფერი შეძლო. 56-ე წუთზე გორელთა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა სტუმართა კარი მესამედ აიღო.

მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მეტოქეები არ დაინდო და ცხრა ყვითელი და ორი წითელი ბარათი აჩვენა. მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის მოედნის დატოვება თორნიკე კირკიტაძეს მოუხდა, ხოლო მე-80 წუთზე გორელთა ნახევარმცველი, ჯეიკობ ნჯოკუ ლუკა კიკაბიძეს გაშლილი ფეხი ჩაარტყა – ნიგერიელი თავდამსხმელის გადამეტებულმა უხეშობამ მეტოქეთა შორის მდგომარეობა დაძაბა და თამაში მცირე ხნით შეწყდა, თუმცა ვითარება მალე განიმუხტა.

გორელებმა სეზონში პირველი მატჩი მოიგეს და ხუთი ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე არიან, ხოლო ლოკომოტივი 6 ქულით მე-5 პოზიციაზეა.