დილას ორადგილიანი ნახტომი - ნემსაძის გუნდმა სიონი დაამარცხა
დილას ორადგილიანი ნახტომი - ნემსაძის გუნდმა სიონი დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური ბოლნისში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – „სიონმა“ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გორის „დილა“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
 
მატჩს ორი გმირი ჰყავდა და ორივე „დილას“ მოთამაშეა – გიორგი ნემსაძის გაწვრთნილ გუნდში ნახევარმცველი გიორგი კუცია და კაბოვერდელი თავდამსხმელი ალვინ ფორტესი გამოირჩეოდნენ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები კი შესვენების შემდეგ განვითარდა. ანგარიში 47-ე წუთზე ფორტესის გადაცემით კუციამ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი ქუსლით აიღო. 64-ე წუთზე გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ ფორტესის ჯერი დაგდა – კაბოვერდელმა თავდამსხმელმა 66-ე წუთზე პენალტით „დილას“ უპირატესობა სამამდე გაზრადა, ხოლო 79-ე წუთზე ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 „დილას“ სასარგებლოდ.
მიმდინარე სეზონში გორელებმა ოთხბურთიანი უპირატესობით პირველად გაიმარჯვეს. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობა რადიკალურად გაიუმჯობესეს. „დილა“ მეშვიდე ადგილიდან ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურდა და 37 ქულით მეხუთეზეა. „სიონი“ (31 ქულა) მეცხრე პოზიციაზე დარჩა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა.