„დილას“ მწვრთნელი სუპერთასის ნახევარფინალზე - „იბერიასთან“ ჩვენი ანგარიშები გვაქვს #1TVSPORT
„დილას“ მწვრთნელი სუპერთასის ნახევარფინალზე - „იბერიასთან“ ჩვენი ანგარიშები გვაქვს #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში „იბერიასთან“ მატჩამდე გორის „დილაში“ არსებულ ვითარებასა და ხანმოკლე შეკრებაზე კომენტარი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ გააკეთა.

„მიუხედავად მცირე დროისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი შეკრება გვქონდა. მოგეხსენებათ, მე და ჩემი ასისტენტი სულ ორი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვედით, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ვვარჯიშობთ. ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ამ მცირე პერიოდში ვხედავ მოთამაშეების გაორმაგებულ ენთუზიაზმსა და მონდომებას, რათა მალე აუღონ ალღო იმ ფილოსოფიას, რომლის დანერგვაც გუნდში მსურს და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

რაც შეეხება „იბერიას“ – ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ჩემპიონატის ლიდერია და მათთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს. ჩემს განწყობას რაც შეეხება, ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები, დავინახო შედეგი, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. სუპერთასის ნახევარფინალი, მსურს, იყოს იმის სიგნალი, რომ „დილა“ ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლებს.

10 წელი გავიდა ბოლო ტიტულის მოგებიდან, რაც არ არის ცოტა დრო – მოტივაციას ზუსტად ეს გვიორმაგებს და გვავალდებულებს, რომ მოედანზე 100%-ით დავიხარჯოთ. ეს ძალიან კარგი შანსია ჩვენთვის, რომ გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ და გამიხარდება, თუ ამის ერთ-ერთი შემოქმედი ვიქნები.

ვიცი, რომ „დილას“ გულშემატკივარი არ აკლია. დიდი იმედი მაქვს, ისინი დაგვეხმარებიან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიგვაყვანინებენ. მათ ვპირდები, რომ ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ ვიქნებით გუნდი, რომელიც მშვიდად უყურებს, როგორ იგებს ტიტულს სხვა“.

გორის „დილა“ 26 ივნისს, თბილისში, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში „იბერიას“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე 20:00 საათზე დაუპირისპირდება. გამარჯვებული ტურნირის ფინალში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული „სპაერისა“ და „ტორპედოს“ წყვილში დამარცხებულს მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდება.