„დილას“ მწვრთნელი - ჩვენი მომდევნო მეტოქე „რიგა“ „რასინგზე“ ძლიერია, მაგრამ ფავორიტი არაა #1TVSPORT
„დილას“ მწვრთნელი - ჩვენი მომდევნო მეტოქე „რიგა“ „რასინგზე“ ძლიერია, მაგრამ ფავორიტი არაა #1TVSPORT

კონფერენსლიგაზე გორის „დილამ“ ორივე მატჩში დაამარცხა ლუქსემბურგის „რასინგი“ (2:1, 1:0). გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ ამ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მეორე ეტაპის მეტოქე „რიგაც“ დაახასიათა.

„ვთვლი, რომ ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ ვერ აჩვენებს. იყო ხარვეზები, რომლებიც „რიგასთან“ მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. როდესაც მეკარე გააძევეს, ამას მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა, თუმცა მათ ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც ამოცანის შესრულება შედარებით გაგვირთულა.

როდესაც „დილაში“ მოვედი, გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს. ის მონდომება, რაც ამ გუნდისგან ჩანს, მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქე – „რიგას“. რამდენიმე დღეა, აქტიურად ვსწავლობთ, ვუყურე მათ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად დაბალანსებული და შეიძლება „რასინგზე“ ძლიერი გუნდია, თუმცა არა იმდენად, რომ წყვილში ფავორიტად დავასახელო. ვფიქრობ შანსები 50/50-ზე იქნება.

შოთა შეყილაძე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მისი გამოყენება ფლანგზეც შემიძლია. მან შეიძლება რამდენიმე თამაშში ვერ გაიტანოს. მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის, რადგან მოედანზე ძალიან აქტიურია და გუნდს დიდ სამსახურს უწევს.

პედრო მენდეშის ტრავმას რაც შეეხება, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით – ეს სამედიცინო ჯგუფის პრეროგატივაა. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იგი რეაბილიტაციის კურსს პორტუგალიაში გადიოდა და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკვე გუნდთან ერთად იქნება, იგი მოედანზეც და მის გარეთაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პერსონაა და მისი გამოცდილება მომდევნო მატჩში ძალიან წაგვადგება.

რაც შეეხება ჩაბრაძეს, იგი მოკლე ხანში „დილასთვის“ ძალიან დიდ ძალად იქცა და, ეროვნული ნაკრების წევრობიდან გამომდინარე, საერთაშორისო მატჩების გამოცდილება აქვს. მის მოსვლამდე გუნდში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თედო კიკაბიძე დამხვდა, რომელიც ასევე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს“.