„დილას“ მომდევნო მეტოქე კვიპროსის „აპოელია“ - თამაში „დინამო არენაზე“ ჩატარდება #1TVSPORT
კონფერენს ლიგის-მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ კვიპროსის „აპოელს“ შეხვდება, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.
კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოელი“ სერბულ „ვოივოდინას“ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი კვიპროსელებმა გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით 2:1 მოიგეს.
ნიქოზიელებმა საპასუხო მატჩიც კარგად ჩაატარეს და კვლავ 2:1 გაიმარჯვეს. ქვილითაია და დვალი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ანგარიში კვიპროსელებმა გახსნეს – „აპოელი“ 27-ე წუთზე სარფომ დააწინაურა.
37-ე წუთზე სერბებმა ჯუკიჩის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 74-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ეფრემმა გამოიყენა და „აპოელმა“ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4:2 (2:1, 2:1) დაამარცხა.
გორის „დილას“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი პირველ მატჩს 10 აგვისტოს არა გორში, არამედ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება.