„დილას“ კაპიტანი ლექსო კვახაძე „შევარდენში“ გადავიდა
„დილას“ კაპიტანი ლექსო კვახაძე „შევარდენში“ გადავიდა

ლექსო კვახაძე მოულოდნელი ტრანსფერის მთავარი გმირი გახდა – ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, გორის „დილას“ ყოფილი კაპიტანი კარიერას ლიგა 2-ის თბილისის „შევარდენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია პირველ არხს „შევარდენის“ დირექტორატში დაგვიდასტურეს.

33 წლის მცველმა ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისურ კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა. „შევარდენის“ ვიცე-პრეზიდენტის, დიმიტრი ბარათაშვილის თქმით, კვახაძე გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კვახაძე უკვე იყო გუნდის განაცხადში ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „ნორჩ დინამოსთან“, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

ლექსო კვახაძემ კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო (2004–2010), უთამაშია რუსთავის „მეტალურგსა“ (2010–2012) და ქუთაისის „ტორპედოში“ (2012–2013), გორის „დილაში“ კი 2013 წლიდან გამოდიოდა. 2007–2009 წლებში საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმაც 12-ჯერ მოირგო.