„დილას“ ამხანაგური და კიდევ ორი ახალწვეული
„დილას“ ამხანაგური და კიდევ ორი ახალწვეული

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში თამაშები 3 აგვისტოდან განახლდება. მანამდე კი გუნდები მოსამზადებელ პაუზას ამხანაგური მატჩებით ავსებენ.

გორის „დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიასთან“ ისპარინგა და შეხვედრა ფრედ დაასრულა. ანგარიში მეშვიდე წუთზე „ვიტ ჯორჯიაში“ დაბრუნებულმა ვახტანგ კვარაცხელიამ გახსნა – 0:1. 35-ე წუთზე კი ანგარიში გიორგი კორიფაძემ გაათანაბრა – 1:1.

ცნობილი გახდა, რომ გოგიასა და გოგუას გარდა, „დილამ“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა: გუნდის წევრი 25 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი გახდა, რომელიც ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ ასპარეზობდა და მიმდინარე სეზონის სტარტზე გუნდთან ერთად ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა. მანამდე გრიგალაშვილი თამაშობდა „ზესტაფონში“, „სამტრედიაში“, „ჩიხურასა“ და გერმანულ „რეჩდენში“.

მეორე ახალწვეული გამბიელი პა ომარ ბაბოუა. 19 წლის ფეხბურთელი მარცხენა გარემარბია და „დილას“ კიდევ ერთი ახალწვეულის, გაირა ჯოოფის მსგავსად, გამბიის 23 წლამდე ნაკრების წევრია. ბაბოუ „დილამდე“ სამშობლოში თამაშობდა, თუმცა აქვს ევროპული გამოცდილებაც – ის მცირე ხნით სპლიტის „ჰაიდუკის“ მეორე გუნდში ირიცხებოდა.