„დილამ“ „თელავს“ ვერაფერი მოუხერხა - ტურის მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT
„დილამ“ „თელავს“ ვერაფერი მოუხერხა - ტურის მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტური გორში გამართული მატჩით დაიწყო – ევროსაგზურისთვის მებრძოლმა „დილამ“ მე-7 ადგილოსან „თელავს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული დაპირისპირება მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და გოლის გატანის რეალური შანსებიც ჰქონდათ, „თელავის“ მეკარე ლუკა სანიკიძემ გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა. გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ შედეგს ვერც მათ მიაღწიეს და საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თუმცა, მიზანს სტუმრებმა მიაღწიეს, რადგან გია ცეცაძის გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერთან მოპოვებულ ქულას „თელავისთვის“ ოქროს ფასი აქვს.

გორის „დილამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო და 3 ქულით ჩამორჩა კონკურენტს, მესამეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალს“, რომელმაც წინა ტურში ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა. „თელავმა“ (29) კი მაქსიმალურად შეამცირა სხვაობა „საბურთალოსთან“ (31), ხოლო „სიონთან“ უპირატესობა (27) გაზარდა და მე-6 ადგილზეა.

26-ე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ხვალ, შაბათს, 10 სექტემბერს გაიმართება. ტურის მატჩს „დინამო არენა“ გუმასპინძლებს, სადაც მეორეადგილოსანი „დინამო თბილისი“ მესამეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.

სიონი – ტორპედო

16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

დინამო თბ – სამგურალი

19:00. დინამო არენა – თბილისი

საბურთალო – ლოკომოტივი

20:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო ბთ – გაგრა

21:00. აჭარაბეთ არენა – ბათუმი